21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ოვალურ ოფისში "მსოფლიოს პირველი მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი" F-47 წარადგინა. მისი წარმოებისთვის კონტრაქტი კომპანია Boeing-თან გაფორმდება.

დონალდ ტრამპის თქმით, "F-47 ყველაზე განვითარებული, ყველაზე ქმედუნარიანი, ყველაზე მომაკვდინებელი თვითმფრინავი იქნება, რომელიც ოდესმე შექმნილა".

მისივე განცხადებით, თვითმფრინავის ექსპერიმენტული ვერსია უკვე თითქმის 5 წელია ფარულად დაფრინავს და ის მასობრივად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაძლებლობებს".

"ამერიკას მომავალი თაობები საჰაერო დომინირების ქვეშ ეყოლება ამ მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის გამო" - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.

ჰეგსეთის თქმით, F-47 "ძალიან პირდაპირი გზავნილია მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ და მტრებისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ, მომავალი თაობებისთვის მსოფლიოს გარშემო ძალა შეუფერხებლად ვაჩვენოთ".

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი F-47 მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დამზადდება, თუმცა საბრძოლო თვითმფრინავის ღირებულებას, ჯერჯერობით, ვერ გაასაჯაროებს, რადგან ეს "ზოგიერთ ტექნოლოგიას გაამჟღავნებს".

ამასთანავე, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ახალი საბრძოლო თვითმფრინავი რამდენიმე დრონთან ერთად იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის თვითმფრინავი საზოგადოებისთვის სრულად არ უჩვენებიათ და მისი პროტოტიპი მხოლოდ წინა ხედით, ნაწილობრივ დაფარულად წარუდგინეს მედიას. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *