სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური, ელჩ დანიგანის პოსტიდან წასვლის შესახებ globalnews.ge-ს შეკითხვას, წერილობით პასუხობს. კერძოდ, შეკითხვაზე: "როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში ელჩის გადადგომასთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ თქვენი პოლიტიკა შეიცვლება?"
სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ ელჩ დანიგანს თანამდებობის საბოლოო დატოვებამდე შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა აქვს:
"მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის.
შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრუსის ხელმოწერით მიღებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თანამდებობას "პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს".
0 კომენტარი