თბილისის დროით 6 მაისს, ღამის სამი საათისათვის აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით MEGOBARI Act - ი, "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი" მიიღო.

საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის, მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, რაც 80%-იან მხარდაჭერას გულისხმობს. MEGOBARI Act-ის წინააღმდეგ ხმა 42-მა კანონმდებელმა მისცა, მათ შორის, 34 რესპუბლიკელი, ხოლო 8 - დემოკრატი გახლდათ. 

კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.

კენჭყისრამდე, კონგრესის ქვედა პალატაში, სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.

  • ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა
  • ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი
  • ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა
  • სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი
  • უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო

ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტის" მიღებას, რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი კი, შეეწინააღმდეგა.

საკმაოდ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა ფლორიდელ კონგრესმენს, ბრაიან მასტს, რომელმაც საუბარი საქართველოს წარსული მიღწევებით დაიწყო და აღნიშნა, რომ "საქართველო ოდესღაც ნატოს მთავარი კანდიდატი და შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ". მისივე თქმით, "შეერთებული შტატები სარგებელს იღებდა მასთან სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობით, ქართველი ხალხი ცნობილია პროამერიკული განწყობით".

"სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ნაბიჯების გამო, რომლებიც იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას და აჩვენებს ჩინეთთან და ირანთან მათ დაახლოებას. აშკარაა ის სარგებელი, რასაც პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს შეუძლია შემოგვთავაზოს. შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ცენტრალურ აზიაში შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად აქცევს და შეიძლება დააბალანსოს რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენა",  - აღნიშნა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ კონგრესის ქვედა პალატაში. 

კონგრესმენ ბრაიან მასტის შემდეგ, კონგრესს "მეგობარი აქტის" მხარდაჭერისკენ დემოკრატმა ჯონ ოშესკიმ მოუწოდა. 

"მე მხარს ვუჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ერთგული დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში მუშაობდა დემოკრატიისა და ეკონომიკის წარმატებით ასაშენებლად. ამავდროულად, ისწრაფოდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ… საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო უფრო დიდი გეოპოლიტიკური ძალებისთვის უცხო არ არის. რუსეთი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის დროს საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და, როგორც ამ კანონმდებლობაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებშიც კი", - აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა. 

საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავად კანონპროექტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

"155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად. ისინი შეერთებული შტატების დროშებში არიან გამოწყობილები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პლაკატებს დაატარებენ, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.

მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს…

2020 წელს მქონდა ბედნიერება, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის, ამჟამად კი [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის, მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, "რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის" (RSC) ანგარიშში უსაფრთხოების შესახებ წარმედგინა, სადაც გამოვედი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც მაშინ ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ. "ქართულმა ოცნებამ" სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მან უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა. ეს ბლოკავს ამერიკის „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და "დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში". სულ რაღაც გასულ კვირას მთავრობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი ღრმა სახელმწიფოს იარაღი იყო... ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს "ქართული ოცნების" ავაზაკებისათვის, მათი უკანონო ქმედებების გამო. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს", - აღნიშნა კონგრესმენმა უილსონმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *