შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატაში, MEGOBARI Act-ის განხილვა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ, როგორც კანონპროექტის ინიციატორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, ასევე, ამავე პარტიის წარმომადგენელი ფლორიდის შტატიდან ბრაიან მასტი, რომელმაც კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"ეს კანონპროექტი რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვაში მონაწილეობის გამო, ასევე მოიცავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის, დახმარების პროგრამების კუთხით და მოითხოვს ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის სადაზვერვო ქმედებებს საქართველოში. თუმცა, ეს კანონპროექტი ასევე აძლევს საქართველოს ალტერნატივას. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ ტრაექტორიას, კანონპროექტი გვპირდება ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობას, ასევე, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეს კანონპროექტი არ გახლავთ თავდასხმა ქართველ ხალხზე. ის ცდილობს მათ მხარდაჭერას იმ არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების დასჯით, რომლებიც მათ შეერთებული შტატებისგან აშორებენ. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა ამ კანონპროექტის ვერსია წინა კონგრესში, სადაც ის დიდი უმრავლესობით მიიღეს და მოველი, რომ ის დღესაც მსგავს მხარდაჭერას მიიღებს. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ საგარეო პოლიტიკისადმი ამ პრაგმატულ მიდგომას", - განაცხადა კონგრესმენმა მასტმა სიტყვით გამოსვლისას. 

კონგრესის ქვედა პალატაში, MEGOBARI Act-ზე საფინალო კენჭისყრა, ვაშინგტონის დროით 6 საათზეა დაგეგმილი. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *