ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი ავიაიერიშების საპასუხოდ ირანმა რაკეტები გაუშვა კატარში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზის მიმართულებით.

ვრცელდება კადრები კატარის დედაქალაქ დოჰიდან, სადაც ისმის აფეთქების ხმა.

"ირანმა დაიწყო ძლევამოსილი და გამარჯვების მომტანი პასუხის გაცემა აშშ-ს შეტევაზე", – წერენ ირანული სახელმწიფო მედიები.

თავდასხმას მალევე გამოეხმაურა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ანტისარაკეტო სისტემებმა წარმატებით გაანეიტრალეს ირანის მიერ გაშვებული რაკეტები. 

"ამ თავდასხმას მივიჩნევთ კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევად. კატარი იტოვებს უფლებას პირდაპირი და თანაზომადი პასუხი გასცეს ამ თავხედურ აგრესიას, მისი ბუნებისა და მასშტაბის შესაბამისად", – წერს უწყება პლატფორმა X-ზე.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ ირანმა სუსტი პასუხი გასცა.

"ჩვენ მიერ მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი ოფიციალური პასუხი გასცა, რომელსაც მოველოდით და ძალიან ეფექტიანად მოვიგერიეთ. 14 რაკეტა გაისროლეს, 13 ჩამოვარდა, ერთი კი "გავუშვით", რადგან არასახიფათო მიმართულებით მიდიოდა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ დამდგარა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ წყენა თავიდან ამოიგდეს და, იმედია, მეტი სიძულვილი აღარ იქნება. მსურს, ირანს წინასწარი გაფრთხილებისთვის მადლობა გადავუხადო, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და არავინ დაშავებულიყო. იქნებ, ახლა ირანმა რეგიონში მშვიდობითა და ჰარმონიით გააგრძელოს და ისრაელს ენთუზიაზმით მოვუწოდებ, რომ იგივე გააკეთოს. მსურს, მადლობა გადავუხადო კატარის ამირას ყველაფრისთვის, რაც მან რეგიონში მშვიდობისკენ სწრაფვისთვის გააკეთა. რაც შეეხება კატარში ამერიკულ ბაზაზე დღევანდელ თავდასხმაზე, მოხარული ვარ გაცნობოთ, გარდა იმისა, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე არცერთი კატარელი არ დაღუპულა ან დაშავებულა. მადლობა ყურადღებისთვის!" - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. 

ვიდრე ირანი იერიშს მიიტანდა კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, კატარმა გამოაცხადა საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის შესახებ. მანამდე კი აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ თავიანთ მოქალაქეებს კატარის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *