ცნობილია, რომ შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს შესახებ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ერთდროულად სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში განიხილება: ჰელსინკის კომისიის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარდგენილი "ქართველი ხალხის აქტი". 

MEGOBARI აქტი განსაზღვრავს შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესსა და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის. ჰელსინკის კომისიის წევრი კონგრესმენები მოითხოვენ, საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას. დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეისწავლოს ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში რუსეთის ინტერესებსა და მოიაზრებს კრემლისთვის სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობას. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის პროცესს უთხრიან ძირს. MEGOBARI აქტი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსაც ეხმაურება და მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველჰყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესი. დოკუმენტი მოიცავს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და მხარდასაჭერად გადასადგმელ ნაბიჯებსაც მას შემდეგ, რაც საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესი დადასტურდება. მათ შორის: 

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

მეორე მხრივ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ქართველი ხალხის აქტის" შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ის სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტია და ორ ძირითად ნაწილს მოიცავს. კერძოდ:  

მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის, დაუწესოს მოგზაურობის შეზღუდვები;

ახალი სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი;

მოითხოვს, სანქციები დაუწესდეს იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებლნი. 

მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და მოითხოვს აშშ-ის მთავრობამ შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

"ქართველი ხალხის აქტი" ხაზს უსვამს სენატის ვალდებულებასაც, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი. 

კერძოდ, გამოიყოს მინიმუმ 50 მილიონი დოლარი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად და მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განსაზღვრონ, როგორ განაგრძობენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.  

ჩვენი ინფორმაციით, კონგრესის ქვედა და ზედა პალატის წარმომადგენლები ახლა ორივე საკანონმდებლო პაკეტის გაერთიანებაზე მსჯელობენ, ამერიკელი კანონმდებლების საბოლოო პოზიციისა და შეჯერებული დოკუმენტის შესახებ კი, ოფიციალურად, სავარაუდოდ, 10 ივლისს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, 25 ივლისს კი, უკვე შეჯერებულ პაკეტზე სენატში პირველი მოსმენა გაიმართება. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *