მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, 2 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის შემთხვევაშიც განაჩენის მიზეზი "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა. 

სხვა პოლიტიკოსების მსგავსად სასამართლო დარბაზში არც გიორგი ვაშაძე მისულა და სამართალდამცველებს პარტიის ოფისში დაელოდა. მას სოლიდარობა ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერების ნაწილმა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფისში სტუმრობით გამოუცხადა. განჩინების გაცნობის შემდეგ, გიორგი ვაშაძეს ხელბორკილები დაადეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გიორგი ვაშაძემ დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

"მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა, მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა! ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ შენი კობახიძეებითა და სხვა ადამიანებით ჩვენს გატეხას ვერასდროს შეძლებთ. გგონია, პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! ადამიანები ხართ, რომლებიც საპოლიციო რეჟიმს ხართ ამოფარებული, ქუჩაში გასვლის და ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სადაა საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი, რაც გააკეთეთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური და "სინდისის პატიმრებით", – თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა საბოლოო განაჩენს ელოდებიან კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები – ნიკა გვარამია და ნიკა მელია. მოსამართლემ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება 30 ივნისს უნდა გამოაცხადოს. დაკავებული პოლიტიკოსები სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით გრძელდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საბოლოო განაჩენს 4 ივლისს გამოუცხადებენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული არ არის.

"საქმე ეხება, ყოფით, ბანალურ შემთხვევას, ორი წლის წინ მეზობელთან მომხდარ საკითხს. მეტი არაფერი არ ვიცი. ნიშანდობლივი ის არის, რომ ორი წლისწინანდელი ბრალის წარდგენა ახლა, ასეთ ვითარებაში გადაწყვიტეს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს", – თქვა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

"ქართული ოცნების" ოპონენტების დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამართლებრივ დევნად აფასებენ. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *