23 ივნისს, სასამართლომ ოპოზიციის სამ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა. სამივე ლიდერს პარლამენტში, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.
სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
სასამართლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჯაფარიძე დააპატიმრეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დღეს კი სასჯელის ზომა განუსაზღვრეს.
"ლელო – ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო პროცესს თავად არ ესწრებოდა. მანამდე მან გირაოს თანხა, 50 000 ლარი გადაიხადა. 8-თვიანი პატიმრობა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა "ლელო – ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
0 კომენტარი