დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, ანტიდასავლური რიტორიკისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლციის ფონზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა. წერილში ნახსენებია MEGOBARI აქტის აშშ-ის სენატში დაგეგმილი განხილვა მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირას კონგრესმა მიიღო. წერილში გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით,  რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ შეუმჩნეველი დარჩა.

წერილის დასაწყისში კობახიძე წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპისადმი გაგზავნილ წინა წერილზე რეაგირება არ ყოფილა და მას შემდეგ არც მაღალი დონის კომუნიკაციას ჰქონია ადგილი. კობახიძე აცხადებს, რომ მან გამოთქვა სურვილი, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა „კონკრეტული გზამკვლევით“ განახლდეს და დასძენს, რომ დუმილი მისთვის „გასაკვირია“.

აღსანიშნავია, რომ წერილში „ქართული ოცნების“ მთავრობის პოზიცია ქართველი ხალხის პოზიციასთან და განწყობებთანაა გაიგივებული. მაგალითად, „ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია“, – წერს კობახიძე და დასძენს, რომ დუმილი გასაკვირია სამი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის „ყველაზე საიმედო პარტნიორია“ რეგიონში. მისი თქმით, საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, საქართველომ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ „რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება“. მან განმარტა, რომ რეალურ დახმარებაში არ შედის თანხები, რომელიც „აშშ-ის ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო“. ამით, მან გაიმეორა „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომის უკან „დიფ სთეითი“ იდგა, რითიც გააქარწყლა რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ომის დაწყებაში „დიფ სთეითი“ დაადანაშაულა.

„რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა“, – წერს კობახიძე.

კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის „ლიდერი რეგიონში“ დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და „სხვა კრიტერიუმების“ მიხედვით. მისი თქმით, საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ ტრამპის ადმინისტრაციას „განსაკუთრებული ნდობა“ აქვს. თუმცა, კობახიძეს ეს ინსტიტუტები არ დაუსახელებია.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს“, – ნათქვამია წერილში.

თავის მიმართვაში ტრამპისადმი, კობახიძეს არგუმენტად „ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის „სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა“ მოყავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე წელია ღიად საუბრობს „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და „სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე“. წერილში ასევე ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ და ტრამპს იდენტური შეფასებები აქვთ უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და „მრავალ სხვა საკითხთან“ დაკავშირებით. „ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა“, – წერს კობახიძე.

„თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ“, – აცხადებს იგი.

წერილში იმედგაცრუებააა გამოთქმული აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს“.

ამასთან, კობახიძე MEGOBARI აქტს აკრიტიკებს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. იგი კანონმდებლობას „აბსურდულს“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“. კობახიძის თქმით, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს“.

კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ „მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი“. „ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“, – ნათქვამია წერილში.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.  

„წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია“, – ნათქვამია წერილში.

წერილის დასასრულს აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, მმართველი პარტია ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.

„საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – წერს კობახიძე და ტრამპს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში წარმატებას, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს სიმტკიცესა და კეთილდღეობას უსურვებს.

წყარო:civil.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *