"ქართული ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, შეერთებულ შტატებში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ "საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება". 

"წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები... ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში, შეერთებულ შტატებში ელჩი გვეყოლება, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს", - თქვა ლევან დავითაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და დასძენს, რომ ლევან დავითაშვილს "ძალიან საინტერესო შეხვედრები" ჰქონდა შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. დავითაშვილისვე განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი თემა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები იყო:

"სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს", - თქვა ლევან დავითაშვილმა. 

ვის განიხილავს "ქართული ოცნება" აშშ-ში ელჩად, ამ დრომდე უცნობია.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *