ნატოს გადაიარაღების გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრები იმ გეგმის დასამტკიცებლად შეიკრიბნენ, რომელიც მომავალში თითოეულ მოკავშირე ქვეყანას უფრო მეტი სამხედრო ტექნიკითა თუ აღჭურვილობით უზრუნველყოფს. ცივი ომის შემდეგ ამის საჭიროება კონტინენტზე არავისთვის მდგარა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა ნატოს ხისტი და საკმაოდ ძვირიანი ზომებისკენ უბიძგა.
“ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიზნებსა და შესაძლებლობებს. ამოვავსებთ დანაკლისებს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ დავიცვათ თავი ახლა, არამედ 3,4,5,6 წლით წინ. ყველა ეს ინვესტიცია უნდა იყოს დაფინანსებული, ამაზე ვიმუშავებთ ჰააგაშიც. ესაა ე.წ. “ორი ნაბიჯის” მიდგომა, ჯერ სამიზნე შესაძლებლობები და ამის შემდეგ ძლიერი დისკუსია ხარჯებზე. ეს ყველაფერი ჩვენს გადაწყვეტილებებში აისახება”, -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
გეგმა, რომელსაც დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრები განიხილავდნენ, რამდენიმე სტრატეგიულ ნაბიჯს გულისხმობს. პირველ რიგში ეს მეტი შეიარაღების შესყიდვაა. აქ აქცენტი საჰაერო თავდაცვით სისტემებზე, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, არტილერიაზე, ლოჯისტიკურ თუ ტრადიციულ აღჭურვილობაზე, დრონებისა და მძიმე საჰაერო ტექნიკის შესყიდვაზეა. გეგმის ავტორების თანახმად, ნატომ უნდა უზრუნველყოს დამატებით 300 000 ცოცხალი ძალა, რომელსაც ალიანსი საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ფლანგზე 30 დღის განმავლობაში გადაისვრის. ამ მხრივ ძალისხმევას არ დაზოგავს ბერლინი, რომელსაც ინდივიდუალურ დონეზეც დიდი გეგმები აქვს.
“როგორც ევროპის უძლიერესი ეკონომიკა, გერმანია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ნატოს მეორე უმსხვილესი შესაძლებლობათა პაკეტის ფარგლებში. დეტალებზე არ ვისაუბრებ,რადგან არ მსურს პოტენციურ აგრესორს ჩვენს კარტებში ჩავახედო. ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას უხეში გათვლებით იმაზე 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება,ვიდრე ახლა ჰყავს. ამავდროულად, უნდა დავსვათ კითხვა: საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ეს შესაძლებლობების განვითარების სინქრონული პროცესია. გაწვევის ამჟამინდელი სისტემა ამ წუთას უსარგებლოა,რადგან საჭირო მოცულობა არ გვაქვს არც ყაზარმებში და არც საწვრთნელ ნაწილში. ამიტომაც უნდა გავზარდოთ მოცულობები,მანამდე ეს უბრალოდ მოხალისეები არიან”, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.
საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე ნატოელების მიმართ მოთხოვნები გაზარდა აშშ-მა. თუ აქამდე ვაშინგტონი მოკავშირეებს თავდაცვაზე ხარჯების 2%-მდე ზრდას სთხოვდა, ახლა ზღვარი 5% გახდა, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან საკუთარი თავდაცვისთვის უნდა გამონახოს. მათგან 3.5 % სამხედრო ხარჯებისთვის, 1.5% კი გზების,ხიდების,აეროდრომებისა და საზღვაოო პორტების მომზადებას მოხმარდება, ჯარების სწრაფი გადატყორცნი მიზნით.
“არავის გაუკეთებია ნატოს გაძლიერებისთვის იმდენი, რამდენიც დონალდ ტრამპს. მის პირველ ვადაში ის ითხოვდა თავდაცვის ხარჯების ზრდას 2%-მდე, რადგან ალიანსი არ არის მხოლოდ დროშები, მას სჭირდება მებრძოლი ფორმირებები, მას არ სჭირდება ბევრი კონფერენციები, არამედ სჭირდება მეტი შესაძლებლობა, მტკიცე ძალა. ალიანსი უნდა იყო მზად ბრძოლისთვის. ჩვენ აქ ვართ, რათა გავაგრძელოთ პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევა ნატოს თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდისთვის, რაც ვფიქრობ, ჰააგის სამიტამდე მოხდება. მე ვხედავ,რომ ქვეყნები მზად არიან მოქმედებისთვის, იმისათვის რომ გაზარდონ ლიმიტები. ეს კარგი რამაა, ასეა, როდესაც მეგობრები ეხმარებიან მეგობრებს. საკვანძო მისია კონტინენტური თავდაცვაა“, – ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა.
გეგმა, რომელიც ნატოში შემუშავდა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს დაშვება, რომ რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მიმართავს. ჩანს, რომ კრემლი ნატოს სტრატეგიულ საფრთხედ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
“ჩვენ ვხედავთ,რომ ამჟამად რუსეთი უკრაინაში რჩება, სადაც წარმატებებს ვერ მიაღწია,მაგრამ ვიცით ისიც,რომ სამხედრო თუ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რუსეთი მოახდენს მეტი ძალის მობილიზებას ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ალიანსმა გამოიყენოს რამდენიმე წელიწადი ,ვიდრე რუსეთი უკრაინის ომითაა შესუსტებული, რათა მოვახდინოთ ისტორიული ზრდა სამხედრო ძალების. ეს ისტორიული მომენტია ევროპაში. თუ ჩვენ შეგვეძლება მივაღწიოთ 5 %-ს 2030-32 წლებისთვის, ეს იქნება ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიცია თავდაცვაში, რაც საჭიროა ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის თვის მშვიდობისთვის”, –შვედეთის თავდაცვის მინისტრი.
ნატოს 32 სახელმწიფოს ლიდერებს შორის შეხვედრა ჰააგაში 24-25 ივნისსაა ჩანიშნული, რა დროსაც არ გამოირიცხება, რომ ალიანსმა შეიარაღების თვალსაზრისით საეტაპო გადაწყვეტილებები მიიღოს. სამიტზე მიწვეულია უკრაინაც,თუმცა ნატოს გენ-მდივანს არ დაუკონკრეტებია იქნება ეს ვოლოდიმირ ზელენსკი თუ სხვა თანამდებობის პირი.
წყარო: ეურონიუსი

0 კომენტარი