ვინ არის აშშ-ის ახალი პირველი ლედი? რას გააკეთებს ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში?

2021 წლის 20 იანვარს თეთრი სახლი ბაიდენების ოჯახის რეზიდენცია გახდება. აშშ-ის ახალმა პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა მეუღლის მთელი პოლიტიკური კარიერა მასთან ერთად გაიარა და ქმრის ყველა საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო. ამ ყველაფრის პარალელურად მას არც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე უთქვამს უარი. ბოლო საარჩევნო ციკლის დროს ჯო ბაიდენს ბევრი უსიამოვნო რამის მოსმენა მოუწია მისი უმცროსი ვაჟის- ჰანტერის შესახებ, რომელიც გამუდმებით სხვადასხვა ისტორიაში ეხვეოდა, თუმცა თავად ჯილს ოპონენტები ყოველთვის გვერდს უვლიდნენ. ჯილ ბაიდენი- პედაგოგი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავში თავისი სტუდენტების საკურსო ნაშრომებს ასწორებდა და კარიერის დათმობას თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც არ აპირებს.


მიმდინარე წლის მარტში, სანამ ამერიკაში ახალი კორონავირუსის ეპიდემია იფეთქებდა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებს პირადად, ნიღბების გარეშე შეხვდნენ, ჯო ბაიდენმა ლოს ანჯელესში საარჩევნო კამპანია გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე ის საუბრობდა, თუ როგორ იბრძოლებდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ და პირობა დადო, რომ უმაღლესი განათლება და სამედიცინო მომსახურება ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. ამ დროს მოულოდნელად სცენაზე ავიდა ახალგაზრდა აქტივისტი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი- “რძის წარმოება უნდა მოკვდეს”. მან სცადა ბაიდენამდე მიღწევა და მისი გამოსვლის ჩაშლა.


ჯო ბაიდენისკენ მიმავალ აქტივისტს გზა გადაუჭრა თეთრი კაბითა და მწვანე პიჯაკით შემოსილმა ქალმა. ეს იყო ბაიდენის ცოლი ჯილი. ის აქტივისტს გადაეღობა და მცირე ჩოჩქოლის შემდეგ, მომიტინგე სცენიდან გაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქტივისტი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრი იყო. ის ცდილობდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ეიძულებინა, რძის ინდუსტრიისთვის მხარი არ დაეჭირა. მოგვიანებით თავად ბაიდენმა იხუმრა, რომ საიდუმლო სამსახურის როლში მას ცოლი ჰყავს.


”ის თავის ქმარსა და მომიტინგეს შორის ფიზიკურად ჩადგა. ეს აჩვენებს ამ ქალის ერთგულებას, ძალასა და მებრძოლ ბუნებას”, – განაცხადა ოჰაიოს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კეტრინ ჯელისონმა, რომელიც ამერიკის ისტორიაში ქალის როლს იკვლევს. 69 წლის ჯილ ბაიდენის მეგობრების ინტერვიუებიდან, წიგნებიდან და მონათხრობიდან ირკვევა, რომ ის არის არა მარტო წარმატებული პედაგოგი, არამედ ძლიერი ნებისყოფის მქონე “ფილადელფიელი გოგო”, რომელიც საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს არავის დააჩაგვრინებს.

ვინ არის ჯილ ბაიდენი?
ჯილ ბაიდენი ქალაქ უილოუ გროუში (პენსილვანიის შტატი, ფილადელფიის გარეუბანი) გაიზარდა. ის ოჯახში ხუთი ქალიშვილიდან ყველაზე უფროსი იყო. დედა, ბონი ჯინ ჯეიკობსი, რომელსაც ინგლისური და შოტლანდიური წარმომავლობა ჰქონდა, შვილების აღზრდით იყო დაკავებული. მამა, დონალდ ჯეიკობსი კი ბანკში მუშაობდა და იტალიური ოჯახიდან იყო.


როდესაც ჯილმა 33 წლის ჯო ბაიდენი გაიცნო, ეს უკანასკნელი უკვე გახლდათ დელავერის შტატის ახალგაზრდა და პერსპექტიული ქვრივი სენატორი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. თავად ჯილი კი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მათ შეხვედრამდე სამი წლით ადრე, 1972 წელს, ბაიდენის ოჯახს თავს უბედურება დაატყდა: ჯოს პირველი ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ვაჟები – 3 წლის ბო და 2 წლის ჰანტერი მძიმედ დაშავდნენ, თუმცა საბოლოოდ გადარჩნენ. ჯო ბაიდენმა სენატორის ფიცი საავადმყოფოს პალატაში, ბოს საწოლთან დადო. მათი შეხვედრის დროისთვის კი ჯილს ადრეული ქორწინება და მტკივნეული განქორწინება ჰქონდა გადატანილი.


ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ეგრეთ წოდებულ ბრმა პაემანზე, რომელიც ჯოს ძმამ – ფრენკმა მოაწყო. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის ჯილის სილამაზემ მოაჯადოვა და მასთან დაახლოებას დაჟინებით ცდილობდა. მათი რომანი სწრაფად დაიწყო. ჯილი ჯოს ვაჟებთან დიდ დროს ატარებდა და საპასუხო სიმპათია მალევე მოიპოვა. ერთ დილას, როდესაც ბაიდენი აბაზანაში კბილებს იხეხავდა, ბო და ჰანტერი მასთან შეცვივდნენ და უთხრეს: “მამა, როგორც ჩანს, დროა ჯილზე დავქორწინდეთ!”.


ჯომ ჯილს დაქორწინება რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. თავის წიგნში „იქ, საიდანაც სინათლე შემოდის“ (Where the Light Enters) ჯილ ბაიდენი წერს, რომ მეორედ ქორწინებაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. განქორწინების შემდეგ ის გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული, პოლიტიკოსის ცოლის საჯარო ცხოვრებისთვის მზად არ იყო და საკუთარი კარიერის შექმნა სურდა. გარდა ამისა, ჯილი ხედავდა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ბიჭები დედის გარდაცვალების შემდეგ და უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ჯოსთან მისი კავშირი მყარი იქნებოდა, რათა ბავშვებს დანაკარგის სიმწარე ხელახლა არ განეცადათ. მან თანხმობა მხოლოდ მეხუთე შეთავაზების შემდეგ თქვა და 1977 წლის ივნისში, ბოლოს და ბოლოს, დაქორწინდნენ. ბო და ჰანტერი ჯილს მთელი ცხოვრება დედას ეძახიან და ისიც მათ ყოველთვის თავის ვაჟებად მოიხსენიებს, თუმცა ოფიციალურად არ უშვილებია.


„მან სიცოცხლე დაგვიბრუნა. ჩვენ ისევ გვქონდა ოჯახი”, – ჰყვებოდა ჯო ბაიდენი თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო ვიდეოში. ოთხი წლის შემდეგ ჯილსა და ჯოს შეეძინათ ქალიშვილი ეშლი.


მომდევნო ორმოცდასამი წლის განმავლობაში, ჯილი შვილებისა და შვილიშვილების აღზრდის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მან მონაწილეობა მიიღო ქმრის სამ საპრეზიდენტო კამპანიაში (ამჟამინდელ გამარჯვებამდე ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე 1988 და 2008 წლებში წარადგინა). პარალელურად ჯილი ინგლისურსა და ისტორიას სკოლასა და კოლეჯში ასწავლიდა. ის ასევე მუშაობდა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზარდებთან. ჯილი ამავდროულად თავადაც სწავლობდა. მან მაგისტრის ორი დიპლომი მიიღო – ინგლისური ენისა და კითხვის სწავლების მიმართულებებით, ასევე პედაგოგიკის სფეროში სადოქტორო დაიცვა. როდესაც ის უკვე აშშ-ის მეორე ლედი იყო, ჯილ ბაიდენმა განაგრძო ინგლისური ენის სწავლება ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ვირჯინიის მუნიციპალურ კოლეჯში.

ჯილ ბაიდენი – დამოუკიდებელი ქალი და ერთგული პარტნიორი
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა დაიჩივლა, რომ მისი ცოლი გამუდმებით თავისი სტუდენტების ნამუშევრებს ამოწმებს. მაშინაც კი, როდესაც ჯოს ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ისინი საერთაშორისო მოგზაურობებში მიფრინავდნენ და მრავალი ჟურნალისტისა თუ კამერის წინ თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდიოდნენ, ჯილი თავისი სტუდენტების ნაშრომებს ყოველთვის თან დაატარებდა. “ღმერთო ჩემო, ჯილ, დაივიწყე ეს ნამუშევრები ერთი წუთით მაინც”, – ჰყვებოდა ინტერვიუში ჯო ცოტა მხატვრული ელფერით, თუმცა იქვე დასძინა: „თქვენ გგონიათ, ვხუმრობ? ის მაშინაც კი ამოწმებს მათ, როდესაც ჩვენ აეროპორტიდან მივდივართ“.

ექსპერტების განცხადებით, ორივე მათგანმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ჯილი ჯოსგან დამოუკიდებელია, თუმცა ყოველთვის მხარს უჭერს ქმარს. მათივე განმარტებით, ეს არის ქორწინების, როგორც პარტნიორობის თანამედროვე ფორმა.


ერთგული ცოლისა და ბედნიერი ოჯახის იმიჯი შესანიშნავი წინასაარჩევნო აქტივია კაცისთვის, რომელიც პოლიტიკურ კარიერას იქმნის. თუმცა ბაიდენების წყვილის გულწრფელობაში ცოტას თუ ეპარება ეჭვი. რამდენადაც შეიძლება გარედან ვიმსჯელოთ, მათი ურთიერთობა ბარაკ და მიშელ ობამების კავშირის მსგავსია – თბილი და პარტნიორული.


მეგობრების ახლო წრეში ჯილ ბაიდენი ცნობილია, როგორც კარგი იუმორის მქონე და ხუმარა ადამიანი. ერთხელ ის დაიმალა ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის ბარგის თაროზე, რათა გახუმრებოდა თანამშრომლებს, რომლებიც იქ თავიანთი ჩემოდნების დადებას აპირებდნენ. ჯილის ერთ-ერთი შვილიშვილი კი იხსენებს, რომ ერთხელ ბებიამ სირბილის დროს მკვდარი გველი იპოვა და სახლში მოიტანა, რათა ყველანი შეეშინებინა.


ბაიდენების ქალიშვილი ეშლი იხსენებს, რომ ის რთული ბავშვი იყო და მოზარდობის ასაკში დედასთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა. ურთიერთობის ეს რთული ეტაპი რომ გადაელახა, 40 წლის ჯილმა სირბილი დაიწყო. მას შემდეგ მან ერთ მარათონში, რამდენიმე ნახევარმარათონსა და ათობით გარბენში მიიღო მონაწილეობა. ჯილი დღემდე დარბის, რომ ფორმაში იყოს. “მე მაქვს წესი: არასდროს ვფიქრობ რაიმე ცუდზე, როდესაც დავრბივარ”, – ამბობს ჯილ ბაიდენი.
2015 წელს ბაიდენების ოჯახმა კიდევ ერთი საშინელი დანაკარგი განიცადა: ორმოცდაექვსი წლის ასაკში მათი უფროსი ვაჟი ბო – ერაყის ომის ვეტერანი, წარმატებული იურისტი, დელავერის შტატის მთავარი პროკურორი – ტვინის კიბოთი გარდაიცვალა. ამის პარალელურად კი, მათ უმცროს ვაჟ ჰანტერს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემები აქვს.


ჯომ და ჯილმა შვილის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულად გადაიტანეს. ჯო ბაიდენმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ დემოკრატების კანდიდატი გახდა ჰილარი კლინტონი, რომელმაც არჩევნები დონალდ ტრამპთან წააგო. ჯილ ბაიდენი თავის წიგნში წერს: „მას შემდეგ, რაც ბო გარდაიცვალა, თითქოს ნამსხვრევებად ვიქეცი. თავს ვგრძნობ ფაიფურივით, რომელიც ხელახლა შეაწებეს. ჩემი ბზარები არ ჩანს, მაგრამ ისინი არსებობენ“.

„ჩვენს შვილს ცუდი არაფერი გაუკეთებია!“
ჯილ ბაიდენმა იცოდა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანია რთული იქნებოდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „მე ჯოს ვუთხარი, რომ ჩვენ უკვე განვიცადეთ ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს – შვილი დავკარგეთ“. ის აქტიურად მონაწილეობდა ქმრის საარჩევნო კამპანიაში, იმოგზაურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯოს მხარდამჭერ მიტინგებზე აგიტაციას ეწეოდა. როგორც განათლების სახელმწიფო სისტემის პედაგოგი, ჯილი ხაზს უსვამდა, რომ მისი ქმარი ხელს შეუწყობდა ამერიკელების თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან სასკოლო და უმაღლეს განათლებაზე.


ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის სუსტი წერტილი მისი უმცროსი ვაჟი ჰანტერი აღმოჩნდა. კიევის ევრომაიდნის შემდეგ, ჰანტერ ბაიდენმა უკრაინის ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოში რამდენიმე წელი იმუშავა და ამ ინდუსტრიაში გამოცდილების არქონის მიუხედავად, საკმაოდ დიდი თანხა გამოიმუშავა.


მამა-შვილი ბაიდენები აღიარებენ, რომ ჰანტერის Burisma Holdings-ში მუშაობა კარგი იდეა არ იყო. თუმცა ისინი ირწმუნებიან, რომ ჰანტერს ცუდი არაფერი ჩაუდენია. „მე ვიცნობ ჩემს შვილს, ვიცი, როგორი ადამიანია ის. ჰანტერს არაფერი დაუშავებია!“, – ამბობდა ჯილი და შვილს დედის პოზიციიდან იცავდა.


დონალდ ტრამპი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ჰანტერის პირადი პრობლემები არ ეხსენებინა. ბაიდენის უმცროსი ვაჟი 2014 წელს სამხედრო- საზღვაო ძალების რეზერვიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო გაათავისუფლეს. 2020 წლის სექტემბერში გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე ტრამპის თავდასხმას ბაიდენმა ემოციური რეაქციით უპასუხა: ”ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მან ეს დაძლია. მან ყველაფერი გამოასწორა, მან ამაზე იმუშავა. მე ვამაყობ მისით, მე ვამაყობ ჩემი შვილით!”.


სამი წლის წინ, სკანდალური განქორწინების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჰანტერი თავისი ძმის ქვრივს ხვდებოდა. ჯილმა და ჯომ მათ მხარი დაუჭირეს და თქვეს, რომ მოხარულები არიან, მათმა შვილმა და რძალმა ასეთი დანაკარგის შემდეგ რომ ერთმანეთი იპოვეს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა დასრულდა და გასულ წელს ჰანტერმა სხვა ქალზე იქორწინა.

დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში
მოძრაობა #MeeToo-სა და სექსუალური შევიწროების ბრალდებებს ვერც ჯო ბაიდენი გადაურჩა. დადანაშაულების პირველი ტალღა დაიწყო გასული წლის გაზაფხულზე, როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატურის წარსადგენად ემზადებოდა. ჯო ბაიდენი უადგილო და უხერხულ შეხებაში რვა ქალმა დაადანაშაულა. მათ განაცხადეს, რომ ის კოცნიდა და ეხვეოდა, რითიც ქალებს დისკომფორტს უქმნიდა. ჯო ბაიდენმა ამაზე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ამ გზით ის თავის კეთილგანწყობას გამოხატავდა და ცუდი განზრახვა არ ჰქონია. ”ეს იყო პირადი სივრცის საკითხი. ჯომ დასკვნები გამოიტანა. ახლა ის სრულად აცნობიერებს და დისტანციას იცავს”, – განაცხადა ჯილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


ერთი წლის შემდეგ, ამ რვა ქალიდან ერთ-ერთმა – ტარა რიდმა, რომელიც სენატში ბაიდენის ოფისის ყოფილი თანამშრომელია, მის წინააღმდეგ ბევრად უფრო სერიოზული ბრალდება წამოაყენა. ის ირწმუნება, რომ 1993 წელს ჯო ბაიდენმა ის კედელთან მიაყუდა და სექსუალურად შეავიწროვა. ამას ბაიდენი კატეგორიულად უარყოფს: ”არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ: ეს არასდროს, არასდროს მომხდარა”. ამ ამბავს გაგრძელება არ ჰქონია და ეს ბაიდენის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რესპუბლიკელებმაც კი მალევე დაივიწყეს.

რას გააკეთებს ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში?
აშშ-ის პირველი ლედი არის არაფორმალური პოზიცია, რომელიც ამერიკის კონსტიტუციაში გაწერილი არ არის და არც ანაზღაურებადია, თუმცა წლების განმავლობაში ის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხდება. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებამდე აშშ-ის პირველი ლედი თეთრი სახლის დიასახლისის ტრადიციულ როლს ასრულებდა. ის წვეულებებს აწყობდა, სტუმრებს იღებდა და საპრეზიდენტო რეზიდენციაში სასიამოვნო გარემოს ქმნიდა. ეს სიტუაცია ფრანკლინ რუზველტის მეუღლემ შეცვალა. ელეონორა რუზველტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა, დასაქმებულ ადამიანებს ელაპარაკებოდა და მათ პრობლემებს ისმენდა, მიტინგებზე ქალთა უფლებების დასაცავად გამოდიოდა, წერდა სტატიებს გაზეთებსა და ჟურნალებში, კითხულობდა ლექციებს. უფრო მეტიც, ელეონორამ პრესკონფერენციების გამართვა თავად დაიწყო. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეხვედრას მხოლოდ ქალი ჟურნალისტები დასწრებოდნენ. ამან რედაქციები აიძულა, კორესპონდენტებად მეტი ქალი დაესაქმებინათ.


ასე რომ, წლების განმავლობაში აშშ-ის პირველი ლედი გახდა პოზიცია, რომელიც ამ საჯარო სტატუსის მატარებელს მისთვის ღირებული და კარგად ნაცნობი ინიციატივების განხორციელების საშუალებას აძლევს. ჰილარი კლინტონი, როგორც პირველი ლედი, ჯანდაცვის სისტემის რეფორმისთვის იბრძოდა, ლორა ბუში წიგნიერების მიმართულებით მუშაობდა , მიშელ ობამა კი სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევდა პროპაგანდას. ეს უკანასკნელი მაშინდელ მეორე ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად ამერიკელი სამხედროების ოჯახებს უჭერდა მხარს. მელანია ტრამპი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა. პირველ ლედის ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს გულისხმობს ამომრჩევლებთან შეხვედრას, ქმრის სახელით საუბარსა და შემოწირულობების შეგროვებას. ექსპერტების შეფასებით, თანამედროვე საზოგადოებაში პირველი ლედის როლი ამერიკელი ხალხის თვალში პრეზიდენტის ჰუმანიზაციას ითვალისწინებს და თუ მას სურს, შეუძლია ქმრის პოლიტიკური მრჩეველი ან პოლიტიკური მოთამაშეც კი იყოს.


მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, აშშ-ის ახალი პირველი ლედის ერთ-ერთი ინიციატივა განათლებასთან იქნება დაკავშირებული. ჯილ ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის თავისი პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც აპირებს. ექსპერტების შეფასებით, ამით ჯილ ბაიდენი გახდება აშშ-ის ისტორიაში პირველი პირველი ლედი, რომელიც იმუშავებს და ხელფასს თეთრი სახლის ფარგლებს გარეთ მიიღებს. ამ ორი ჰიპოსტასის შერწყმა ადვილი არ იქნება, რადგან როგორც მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, პირველ ლედის ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მისი ყოველი მოგზაურობა რთულ საორგანიზაციო პროცესს მოიცავს და ყოველთვის საიდუმლო სამსახურის თანხლებით მიმდინარეობს.

Next Post

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს

შაბ ნოე 21 , 2020
ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს. ჩამსხვრეულია საქარე მინა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მირანდა მესხის ინფორმაციით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მის წინააღმდეგ. შემთხვევა დაახლოებით, დილის 7 საათზე მოხდა. მირანდა მესხის თქმით, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. „შვიდის წუთები იყო, რომ ჩამოვედი. შესაბამისად, უნდა წამოვსულიყავი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი