ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, პოლიტიკურ გუნდთან ერთად ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად

დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. პრეზენტაციას საქათველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა. ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოვიდა დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

„მოგესალმებით ზუგდიდელებო, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დღეს ვიყო წარდგენილი აქ, თქვენს წინაშე. მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემს მიმართ გამოავლინა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს, -ეს განცხადება ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„მართლაც დიდი პატივია ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი. მინდა მივესალმო ჩვენი გუნდის წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით მოიტანეს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ გააკეთა“, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში.

ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი. ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი. დღეს-დღეისობით ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს გეგას, მალხაზს და ყველას თითოეულ თქვენთაგანს საკრებულოს წარმომადგენლებს.

მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმ უმთავრეს და უდიდეს პრობლემაზე, რომელიც უდგას დევნილ მოსახლეობას. ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ბოლო 30 წელია ერთად ვცხოვრობთ, დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

Next Post

თენგიზ ცერცვაძე: არ მინდა, პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ

შაბ ოქტ 17 , 2020
არ მინდა, პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. „არ მინდა კომენტარი, რადგან ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა და სწორედ ამიტომ მიდის ქვეყანა ასეთ პოლიტიკაზე, რომ მეტი თავისუფლება მისცეს მოსახლეობას, ამ მეტი თავისუფლების […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი