
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენს უცხოელი ლიდერების მიერ გამოგზავნილ წერილებზე წვდომას არ აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ტრადიციისამებრ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოელ ლიდერებსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ვინაიდან დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს, მისი ადმინისტრაცია ჯო ბაიდენს სახელმწიფო დეპარტამენტის რესურსებზე წვდომას უკრძალავს.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა უკვე გამართა სატელეფონო საუბრები საფრანგეთის, გერმანიისა და კანადის ლიდერებთან, რომლებმაც მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
11 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ში ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს ხელისუფლების გადაცემის პროცესში, მაიკ პომპეომ უპასუხა: „ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება. ჩვენ მზად ვართ. მსოფლიო აკვირდება იმას, თუ რა ხდება. ყველა ხმა უნდა დავითვალოთ. როდესაც პროცესი დასრულდება, შეარჩევენ ამრჩევთა კოლეგიის წევრებს. ეს პროცესი კონსტიტუციაშია გაწერილი“.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.