ბიძინა ივანიშვილი: მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც

მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ, ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ.

მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა.

ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე.

ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი. ,,ქართული ოცნების” გამარჯვება თითოეული მოქალაქისთვის სიმშვიდის და უკეთესი ცხოვრების მომტანია, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა. ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

და ბოლოს, მთელი გულით ვუერთდები იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც დღეს შევიტყეთ და რასაც დიდი ხანია ველოდით ყველა – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ,,8 ერის’’ მონაწილე გახდა. ვულოცავ, ყველაზე მეტად რაგბი გაგვიხარდა პოლტიკოსებს.

ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ასეთი შედეგის დასადებად ჩვენმა ბიჭებმა მთელი გული ჩადეს და დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ვუერთდები ამ საერთო სიხარულს, ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას. კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Next Post

პუტინმა და ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს მარია ზახაროვას Facebook-პოსტის გამო მოუბოდიშეს

პარ სექ 11 , 2020
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს მარია ზახაროვას Facebook-პოსტის გამო მოუბოდიშეს. „პრეზიდენტ პუტინს არასდროს მოუბოდიშებია ჩემთვის რაიმეს გამო, ასევე არ გაუკეთებია ეს სერგეი ლავროვს. ზახაროვას პოსტის გამო, მათ ეს გააკეთეს. მე ეს ამბავი არც კი გამიხსენებია. ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ინციდენტი ჩემთვის […]

სხვა სიახლეები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი