
12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 12,3%-ს შეადგენდა.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.